ცენტრის მისია

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, სამხერთ ტეხასის სამართლის სკოლის (აშშ) და კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ და მისი პროგრამის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ საერთო ინიციატივის საფუძველზე

.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2011 წლის 10 ოქტომბერს.  ცენტრის მისიაა ქართული უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე განათლების ხარისხის ამაღლება; სამართალმცოდნეობის ყველა ქართველი სტუდენტისთვის პროფესიული უნარების, მათ შორის მედიაციის უნარჩვევების დახვეწა; სამართლის პროფესორებისათვის სწავლების მეთოდების განითარების ხელშეწყობა ისევე როგორც პრაქტიკოსი იურისტებისათვის განგრძობადი იურიდიული განათლებით უზრუნველყოფა; იურიდიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ვრცლად
saqmianoba

 

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

 

დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის

 

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის  დებულება

 

პრეამბულა

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – "ცენტრი") ფუძნდება, ვითარდება და მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის (შემდგომში – სსიპ) "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" (შემდგომში – "თსუ") აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თსუ-ის, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (შემდგომში "სამართლის სკოლა"), "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა" და მისი პროგრამის "მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში" (შემდგომში "ინსტიტუტი") საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე დაყრდნობით. 

 

ცენტრის მისიაა საქართველოში განათლების, სწავლების, კვლევისა და მომსახურების მეშვეობით დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა, პრაქტიკული, კლინიკური და პროფესიული უნარების დახვეწა ქართველი სტუდენტებისათვის, ქართული უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე განათლების ხარისხის ამაღლება, სამართლის დარგში მოღვაწე პროფესორებისათვის სწავლების მეთოდების განვითარების ხელშეწყობა, პრაქტიკოსი იურისტების განგრძობადი იურიდიული განათლებით უზრუნველყოფა, იურიდიული და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში  სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურის ხელმისაწვდომობის ზრდა.


  ცენტრი მიზნად ისახავს ზემოაღნიშნული მისიის განხორციელებას, თსუ-ის წესდების პრინციპების შესაბამისად, იურიდიული საზოგადოების ყველა წევრისათვის, სამართალმცოდნეობის ყველა ქართველი სტუდენტისა და ზოგადად, საზოგადოებისათვის დავის გადაწყვეტის პოლიტიკისა და პროცედურების როგორც თეორიული საფუძვლების, ისე პრაქტიკული გამოყენების სწავლების გზით, მთელ საქართველოში იურიდიული განათლების განვითარებითა და დავის გადაწყვეტის პოლიტიკისა და პრაქტიკის ხელშეწყობის მეშვეობით საქართველოს საზოგადოების სასარგებლოდ.

 

        მუხლი 1. ცენტრის სტატუსი, ზოგადი დებულებანი 


  1. ცენტრის ოფიციალური ქართული სახელწოდებაა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (შემდგომში ცენტრი), ხოლო ინგლისური LEPL -  Ivane Javakhishvili Tbilisi State University Subsidiary Educational  Unit – National Center for Alternative Dispute Resolution.  
  2. ცენტრი შეიძლება საქმიანობდეს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
  3. ცენტრი შეიძლება ფლობდეს საბანკო ანგარიშებს (ქვეანგარიშებს).
  4. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0179, ილია ჭავჭავაძის გამზირი #1.
  5. ცენტრი უფლებამოსილია, ჰქონდეს საკუთარი ოფიციალური ნიშანი, ემბლემა, დროშა და სხვა საიდენტიფიკაციო ატრიბუტები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  6. წინამდებარე დებულების დანართი მისი შემადგენელი ნაწილია.

 

          მუხლი 2. ძირითადი მიზნები

 

 ცენტრის ძირითადი მიზნებია:

1.  საქართველოში განათლების, კვლევისა და მომსახურების მეშვეობით დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა.

2.  პრაქტიკული, კლინიკური და პროფესიული უნარების დახვეწა ქართველი სტუდენ­ტებისათვის.

3. ქართული უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე განათლების ხარისხის ამაღ­ლება.

4. სამართლის დარგში მოღვაწე პროფესორებისათვის სწავლების მეთოდების განვითარების ხელშეწყობა.

5. პრაქტიკოსი იურისტების უწყვეტი იურიდიული  განათლებით უზრუნველყოფა.

6. სამართლისა და დავის ალტერნატეული გადაწყვეტის სფეროში  სამეცნიერო და სასწავ­ლო ლიტერატურის ხელმისაწვდომობის ზრდა.

 

       მუხლი 3. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები


        ცენტრი მისი მიზნების მისაღწევად:

  1. ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამას (აკადემიური ხარისხის მინიჭების გარეშე) სტუდენტების, პროფესორებისა  და პრაქტიკოსებისათვის.
  2. ქმნის ცენტრის ვებ გვერდს და სხვა საშუალებებს ქსელური სოციალური მედიით სარგებლობისათვის.
  3. აწყობს საგანმანათლებლო და კვლევით შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს და ხელს უწყობს აკადემიური და პრაქტიკული დანიშნულების ბეჭდვით გამოცემებს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სამართლის სფეროში.
  4. ეხმარება და/ან თანამშრომლობს იურიდიული საზოგადოების წევრებთან და სახელისუფლებო ინსტიტუციებთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს კანონმდებლობის განვითარებას დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში.
  5. ასრულებს სხვადასხვა პროექტს იურიდიული განათლების სისტემის განსავითარებლად;
  6. ამზადებს იურიდიულ განათლებასთან, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გამოყენებასა და სწავლებასთან და იურიდიული უნარების გამომუშავებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პროექტებსა და კვლევით პუბლიკაციებს.
  7. თსუ-ის ადმინისტრაციას წარუდგენს ინიციატივებს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ, თანამშრომლობის შესახებ.

 

          მუხლი 4. დამატებითი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება 

 ცენტრი შეიძლება ეწეოდეს სხვა, ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით და რომელიც ემსახურება ცენტრის მიზნებს.

 

         მუხლი 5. ცენტრის დაფუძნების ინიციატორები

 

       ცენტრის დაფუძნების ინიციატორები არიან თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის სკოლა და ინსტიტუტი.

 

        მუხლი 6. ცენტრის დაფუძნების ინიციატორთა წარმომადგენლობა 

 

  1. ცენტრის დაფუძნების ინიციატორთაგან ყველა წარმოდგენილია ცენტრის დირექტორთა საბჭოში. ცენტრის დაფუძნების ინიციატორები საკუთარ უფლება-მოვალეობებს საბჭოში ასრულებენ მათ უფლებამოსილებათა შესაბამისად. ცენტრის დაფუძნების ინიციატორები ხმის უფლებით სარგებლობენ დირექტორთა საბჭოს მეშვეობით.
  2. სხვა პირები შეიძლება გათანაბრებულ იქნენ ცენტრის დაფუძნების ინიციატორებთან, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ცენტრის მიზნებსა და მისწრაფებებს, დირექტორთა საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე. ცენტრის დაფუძნების ინიციატორი და მასთან გათანაბრებული პირი უფლებამოსილია დატოვოს ცენტრი დირექტორთა საბჭოსათვის ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი შეტყობინების გზით.

 

           მუხლი 7.  ცენტრის მართვა 

 

   ცენტრის მართვა ხორციელდება დირექტორთა საბჭოს, აღმასრულებელი დირექტორის, აკადემიური დირექტორებისა და მრჩეველთა    საბჭოს (ასეთი შექმნის შემთხვევაში) მეშვეობით.

 

         მუხლი 8. დირექტორთა საბჭო 

 

  1. ცენტრის უმაღლესი მმართველი ორგანო არის დირექტორთა საბჭო, მისი თავმჯდომარის სახით, რომელიც ცენტრის ხელმძღვანელია. დირექტორთა საბჭო შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 7 წევრისაგან. საბჭოს უცვლელ წევრებს თანამდებობის შესაბამისად და მისი ხანგრძლივობით წარმოადგენენ ცენტრის დაფუძნების ინიციატორთა წარმომადგენ­ლები: თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამართლის სკოლისა და ინსტი­ტუტის მიერ უფლებამოსილი (თითოეულისგან ერთი) წარმომადგენლები. ცენტრის საბ­ჭოს სხვა წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე. საბჭოს სხვა წევრები აირჩევიან ცენტრის დაფუძნების ინიციატორთა წარმომადგენელი წევრების მიერ სამი წლის ვადით. ცენტრის დაფუძნების ინიციატორებთან გათანაბრებული პირების წარმომადგენლები დირექტორთა საბჭოს წევრებად აირჩევიან დირექტორთა საბჭოს სხვა წევრების არჩევისათვის გათვალისწინებული წესის დაცვით. საბჭოს წევრს შეუძლია დატოვოს საბჭო სამი წლის ვადის გასვლამდე დირექტორთა საბჭოსათვის ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ წერილობით შეტყობინების გზით. საბჭოს თავმჯდომარე აირ­ჩევა ცენტრის დაფუძნების ინიციატორთა წარმომადგენელი წევრების მიერ აღნიშნულ წევრთა შემადგენლობიდან და ინიშნება და თავისუფლდება ცენტრის ხელმძღვანელად თსუ-ის რექტორის მიერ.
  2. თავდაპირველი საბჭოს მოცულობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, აღნიშნული საბჭოს მიერ ერთსულოვნად.

 

     მუხლი 9. დირექტორთა საბჭოს უფლებამოსილებანი 

 

1.  საბჭო უფლებამოსილია:

a) აირჩიოს და გადააყენოს საბჭოს წევრები, გარდა ცენტრის დაფუძნების ინიციატორთა წარმომადგენელი წევრებისა;

ბ) დანიშნოს ან გაათავისუფლოს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და აკადემიური დირექტორები, შეასრულოს შრომითი თუ სხვა, შესაბამისი ხელშეკრულება მათთან და ზედამხედველობა გაუწიოს მათ საქმიანობას;

გ) დაადგინოს საბჭოს წევრების, აღმასრულებელი დირექტორისა და აკადემიური დირექტორების უფლებამოსილებანი;

დ) აირჩიოს საბჭოს თავმჯდომარე და წარუდგინოს თსუ-ის რექტორს ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

ე) შეცვალოს/დაამტკიცოს ცენტრის შიდა წესები წინამდებარე დებულებაზე დაყრ­დნობით.

ვ) ჩამოაყალიბოს საპატიო მრჩეველთა საბჭო(ები) და დაადგინოს მისი (მათი) შემადგენ­ლობა;

ზ) შეიმუშაოს ცენტრის ძირითადი პოლიტიკა, გეგმები, პროგრამები და პროექტები;

თ) შეიმუშაოს წლიური ბიუჯეტისა და წლიური სტრატეგიის პროექტები შესაბამისი ორგანოს მიერ დასამტკიცებლად;

ი) დაამტკიცოს სამოქმედო გეგმები, პროექტები, ფინანსური და ეკონომიკური გეგმები;

კ) შეიმუშაოს ინიციატივები ცენტრის საქმიანობის დასრულების, მისი რეორგანიზაციისა და/ან ლიკვიდაციის საკითხების შესახებ;

ლ) გადაწყვიტოს ეროვნცენტრთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხი;

მ) საბჭოს გადაწყვეტილებით და ცენტრის ხელმძღვანელის თანხმობით გადასცეს მისი უფლებამოსილება აღმასრულებელ დირექტორს ან აკადემიურ დირექტორებს, გარდა იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც ჩამოთვლილია ზემოთ, "ა", "ბ", "გ", "დ", "თ" და "კ" პუნქტებში.

2. საბჭოს კრება მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ საჭიროებისდა მიხედვით, მაგრამ არანაკლებ ერთხელ წელიწადში.

3. თავდაპირველი საბჭოს შემადგენლობა წარმოდგენილია წინამდებარე დებულების დანართში

4. თავ­და­პირველი სამწევრიანი საბჭოს ყველა გადაწყვეტილება მიიღება სრული თანხ­მობით.

5. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.

6. გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად ანდა, ასეთი თანხმობის მიუღწევლობის შემთხვე­ვაში, საბჭოს დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით.

7. საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმართოს როგორც შეკრების გზით, ისე დისტანციური კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით (ე. ი. საბჭოს წევრები სხდომაზე დამსწრეებად შეიძლება მიიჩნეოდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ სხდომაზე ფიზიკურად არ იმყოფებიან).

8. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. სხდომის ოქმი შედგება და ხელმოწერილია საბჭოს თავმჯდომარის მიერ ან, მისი არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიერ.

9. საბჭოს სხდომის მოწვევა საჭირო არ არის, თუ საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი საკითხზე წერილობით აღწევს თანხმობას. ამ შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარე (ან, მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუ­ლებელი) ამზადებს და ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებას. ასეთი გზით მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს სრული იურიდიული ძალა.

 

       მუხლი 10. აღმასრულებელი დირექტორი და აკადემიური დირექტორები 

 

  1. ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს აკისრია ძირითადი პასუხისმგებლობა ცენტრის ყოველდღიური საქმიანობისათვის, ხოლო აკადემიური დირექტორები იზიარებენ პასუხისმგებლობას ცენტრის აკადემიური საქმიანობისათვის. აღმასრულებელ დირექ­ტორი და აკადემიური დირექტორები სარგებლობენ საზიარო წარმომად­გენლობითი უფლებამოსილებით, ცენტრის სახელით, რაც დამატებით განისაზღვრება დირექტორთა საბჭოს მიერ.
  2. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და აკადემიური დირექტორები თანამდებობაზე ინიშნებიან და Fდა თავისუფლდებიან დირექტორთა საბჭოს  მიერ.
  3. აღმასრულებელი დირექტორი:

ა)  უძღვება ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობას;

ბ) ცენტრის ხელმძღვანელის თანხმობით წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ეს განისაზღვრება დირექტორთა საბჭოს მიერ;

გ) თსუ-ის რექტორს წარუდგენს ცენტრის პერსონალის ნუსხას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნივერსიტეტის საშტატო განრიგში შეყვანის მიზნით. 

დ) უზრუნველყოფს დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას;

ე) თსუ-ის ადმინისტრაციას მიმართავს ინიციატივებით გარიგებათა დადების, რწმუნებულებათა გადაცემის, ეროვნული და უცხოური ფულის ერთეულით საბანკო ანგარიშების (ქვეანგარიშების) გახსნისა და დახურვის შესახებ და ხელს აწერს ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;

ვ) ასრულებს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებებს;

ზ) თსუ-ის ადმინისტრაციის ნებართვით მართავს ცენტრის ფინანსურ და სხვა მატე­რიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ ხარჯვაზე, ცენტრის მიზნების შესაბამისად;

თ) მოახსენებს საბჭოს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ საბჭოს ან მისი წევრის მოთხოვნის შემთხვევაში;

ი) ზედამხედველობს იურიდიული კლინიკის საქმიანობას, განსახორციელებელს ცენტრის დახმარებითა და მის ფარგლებში;

კ)  ახორციელებს სხვა ფუნქციებს დირექტორთა საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

4. აკადემიური დირექტორები:

ა) პასუხისმგებელნი არიან ცენტრის აკადემიური საქმიანობის განხორციელებისათვის;

ბ) მეთვალყურეობენ ცენტრის სხვადასხვა აკადემიურ პროგრამასა და პროექტს;

გ) გეგმავენ ყველა სახის აკადემიურ ღონისძიებას, მათ შორის, მაგალითად, სემინარებს, მოსამზადებელ სწავლებებს, გაცვლით პროგრამებს, საზაფხულო სკოლებს;

დ) აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ზედამხედველობენ იურიდიული კლინიკის საქმიანობას, განსახორციელებელს ცენტრის დახმარებითა და მის ფარგლებში;

ე) თსუ-ის ადმინისტრაციის თანხმობით წარმოადგენენ ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ეს განისაზღვრება დირექტორთა საბჭოს მიერ;

ვ) უზრუნველყოფენ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრუ­ლებას;

ზ) მოახსენებენ საბჭოს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ საბჭოს ან მისი წევრის მოთ­ხოვნის შემთხვევაში;

თ) ასრულებენ საბჭოს გადაწყვეტილებებს და ახორციელებენ სხვა ფუნქციებს დირექ­ტორთა საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

მუხლი 11. მრჩეველთა საბჭო 

 

ცენტრი უფლებამოსილია შექმნას მრჩეველთა საბჭო.

  1. დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მრჩეველთა საბჭოს შექმნის შემთხვევაში იგი იქნება ცენტრის საკონსულტაციო ორგანო.
  2. დირექტორთა საბჭო მოიწვევს მრჩეველთა საბჭოს წევრებს ერთხმად ან ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, ხმათა უბრალო უმრავლესობით;
  3. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე თუ იურიდიული პირი შეიძლება არჩეულ იქნეს მრჩეველთა საბჭოში.
  4. მრჩეველთა საბჭო მხოლოდ დირექტორთა საბჭოსათვის ამზადებს რეკომენდაციებს, რაც უკავშირდება ცენტრის, მისი აკადემიური საქმიანობის ან ნებისმიერი საკითხის განვითა­რებას, რაც პირდაპირ და/ან არაპირდაპირ ემსახურება ცენტრის ლეგიტიმურ მიზნებს.
  5. მრჩეველთა საბჭოს წევრთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.

 

მუხლი 12. ცენტრის ფულადი სახსრების წყაროები


 1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს კანონიერი გზით მიღებული ნებისმიერი ფულადი სახსარი, მათ შორის:

ა) დამფუძნებლისა და დაფუძნების ინიციატორთა შენატანები;

ბ) შეწირულობანი და გრანტები;

გ) შემოსავალი დამხმარე საქმიანობიდან;

დ) სხვა სახსრები, რომელთა მიღება არ იკრძალება კანონით.

2. ცენტრი არ არის შექმნილი მოგების მისაღებად, არ აქვს მოგების მიღების მიზანი და არ გასცემს დივიდენდებსა თუ სხვა მსგავს წილებს. ამ წესდების არც ერთი მხარე მიზნად არ ისახავს და არ ელის მოგების მიღებას წინამდებარე შეთანხმებაში შემოსვლის ან მისი შესრულების ძალით. ცენტრის მიერ მიღებული ნებისმიერი სახსარი გამოიყენება მისი ამჟამინდელი ან სამომავლო პროგრამებისათვის.

3. ცენტრის დამხმარე, დამატებითი სახის საქმიანობის შედეგად მიღებული ნებისმიერი შემოსავალი რჩება ცენტრს და გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ცენტრის მიზნების მისაღწევად.

4. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან  არსე­ბული თანამშრომლობის ხელშეკრულების ასევე, ინსტიტუტისა და თსუ-ის მოლაპარა­კებისა და შეთანხმების შესაბამისად, ინსტიტუტი გამოყოფს ცენტრის სამუშაოებისა და საქმიანობის ხელშეწყობისათვის საჭირო ფინანსურ და/ან ტექნიკურ დახმარებას.

5. ცენტრის ხანგრძლივად შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარებისათვის თსუ გამოყოფს ფინანსურ სახსრებს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ბიუჯეტიდან ამავე ფაკულ­ტეტის შუამდგომლობის შესაბამისად.

 

  მუხლი 13. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 

 

 ცენტრის რეორგანიზაცია და/ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

    მუხლი 14. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი 

 

 ცენტრის სხვა სტრუქტურული ცვლილებები და წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხი  რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. დებულება ძალაში შედის თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების დროიდან.

 

დანართი 

 

ცენტრის თავდაპირველი საბჭოს წევრები 


ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრები არიან:

1. ირაკლი ბურდული, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენელი (დირექტორის საბჭოს თავმჯდომარე).

 2. ქეთრინ გრინ ბარნეთი, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის ვიცე-პრეზიდენტი, ასო­ცირებული დეკანი, პროფესორი (დირექტორის საბჭოს წევრი).

 3. მაიკლ დიდრინგი, ინსტიტუტის წარმომადგენელი (დირექტორის საბჭოს წევრი).

 

ცენტრის მოქმედი საბჭოს წევრები 

 

ცენტრის მოქმედი საბჭოს წევრები, რომლებიც წარმოადგენენ დამფუძნებლებს: თსუ-ის  იურიდიულ ფაკულტეტს, სამართლის  

სკოლასა და ინსტიტუტს, არიან:

1. ირაკლი ბურდული, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენელი (დირექტო­რის საბჭოს თავმჯდომარე)

 2. ქეთრინ გრინ ბარნეთი, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის ვიცე-პრეზიდენტი, ასოცირებული დეკანი, პროფესორი (დირექტორის საბჭოს წევრი)

 3. სტივ ოსტერმილერი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მართლ­მსაჯუ­ლების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის წარმომად­გენელი, იურიდიული განათლების მრჩეველი (დირექტორის საბჭოს წევრი).

 
გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი საიტი?

  • დიახ
  • არა
Ajax Loader
კონტაქტი
მოგვწერეთ

მისამართი: 0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ოთახი 4.
ტელეფონი: + 995 77 28 24 36
ელ-ფოსტა:
apply.ncard@tsu.ge 

 
COPYRIGHT. 2012
Created By Idea design Group
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა ქვეყნდება ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის პასუხისმგებლობით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოსაზრებებს.